“ის ბრწყინვალე რეფორმატორია” – თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დასაბრუნებლად მოძრაობას აფუძნებს

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

“უნდა შეწყდეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა. უნდა დაუბრუნდეს მას მოქალაქეობა, რომელიც არასწორად ჩამოერთვა. მივცეთ მუშაობის საშუალება. არის ბრწყინვალე რეფორმატორი, მან ეს უკვე დაამტკიცა” – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელმა, დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

მან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სამშობლოში დასაბრუნებლად „საერთო სახალხო მოძრაობა“ დააფუძნა.

“ჩვენ უნდა დავაბრუნოთ მშვიდობიანად ქვეყანაში ის პრეზიდენტი, რომელმაც ქართული სახელმწიფო განავითარა, ინვესტიციებით შექმნა დანგრეული, ჩაბნელებული, ჩამოშლილი საქართველოდან სახელმწიფო. დააყენა ფეხზე. როდესაც ისრაელის სახელმწიფო იქმნებოდა, ებრაელობა ებრაელებს მთელი მსოფლიოდან თავის ქვეყანაში ეძახდა ქვეყნის შესაქმნელად” – განაცხადა ჩარკვიანმა.

დეპუტატის თქმითვე, დღეს ჩვენ სახელმწიფო აღარ გვაქვს – “მთავრობა რუსეთზე მომუშავე ივანიშვილის ხელშია”, ხოლო რაც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო ხდება, “ერის გენოციდს უდრის”.

„პრაქტიკულად სახელმწიფო ჩამოშლილია, როდესაც სამმილიონიან საქართველოს დღეში 86 ადამიანი უკვდება, ჩამოშლილია ყველა სტრუქტურა, არ არსებობს ჯანდაცვა, ძალიან გაწვალებული არიან ექიმები, როცა დღეში 78-86 ადამიანი უკვდებათ. პრაქტიკულად, ეს გენოციდს უდრის. ჩვენ სახელმწიფო გვქონდა, მარიონეტი, რუსეთზე მომუშავე ივანიშვილის მთავრობის ხელში კი სახელმწიფო არ გვაქვს” – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

You may also like

Leave a Reply