ყვარელში ბანკზე თავდასხმისთვის დაკავებულ შალვა მელიქიშვილს ბრალს ოფიციალურად ხვალ წარუდგენენ

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

ყვარელში, “საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულს ბრალს ოფიციალურად  ხვალ წაუყენებენ. 49 წლის შალვა მელიქიშვილთან ცოტა ხნის წინ ადვოკატი იმყოფებოდა.

ლეილა გარსევანიშვილმა თავისი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე, მომხდარის მოტივზე და სხვა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

“მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ვერაფერს გეტყვით, ჩემთან არაფერი გამოუხატავს.ასევე არ გვისაუბრია მის ფინანსურ პრობლემებზე, ვერაფერს გეტყვით. არც მიკითხავს, არც თვითონ უთქვამს” – განაცხადა ადვოკატმა.

შალვა მელიქიშვილი ყვარელში “საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდასხმის საქმეზე გუშინ დააკავეს. ის ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ფილიალში დღის მეორე ნახევარში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. სპეცოპერაცია რამდენიმე საათს გაგრძელდა და საბოლოოდ მძევლების გათავისუფლებითა და თავდამსხმელის დაკავებით დასრულდა.

ბრალდებულის დაკავებიდან მალევე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური განცხადება. უწყების ცნობით, გამოძიება დაკავებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლის დარღვევას ედავება – თავდასხმის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების.

You may also like

Leave a Reply