“დაიცვათ ჩემი ინტერესები და უსაფრთხოება” – მეგის ქარდავა სახალხო დამცველსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

“მივმართავ სახალხო დამცველს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე დაიცვათ ჩემი ინტერესები და უსაფრთხოება” – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში წერს.

წერილი, რომელიც მისი სახელით, მისმა მეუღლემ გამოაქვეყნა, ეხმაურება ქარდვას საქართველოში ექსტრადიციის საკითხს.

მეგის ქარდავას წინააღმდეგ, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე დააკავეს, საქართველოში 15-მდე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მათგან 9-ში უკვე უკვე მსჯავრდებულია, მათ შორის სერგო თეთრაძის, „ციხის ბუნტის“, თანხის გაფლანგვის საქმეებიცაა.

მეგის ქარდავა გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნავს, რომ ის პოლიტიკური დევნილია და მის წინააღმდეგ აღძრული საქმეები “შეკერილია”

„უკრაინის შესაბამისი ინსტანციის გადაწყვეტილებით, საქართველოში ჩემი ექსტრადირების პროცესი დაჩქარებულია, რაც მხარეებს შორის პოლიტიკური შეთანხმების აქტია და უკავშირდება პოლიტიკური პატიმრების, ჩვენი უკრაინელი ძმების ქოცხელისუფლების ტყვეობიდან დახსნას, ანუ წარმოადგენს არაფორმალურ გაცვლას ორ სახელმწიფოს შორის, რომელიც ასევე გამოყენებული იქნება “ქართული ოცნების” მიერ ტრადიციული რუსული ღვარძლისა და ზიზღის პროპაგანდაზე დაფუძნებული წინასაარჩევნო კამპანიისთვის. მიუხედავად ამისა, ვუსურვებ ჩვენს ძმებს უკრაინელებს და უკრაინას საერთო მტერზე რუსეთის ბოროტების იმპერიაზე გამარჯვებას და ერთიანი ძალისხმევით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. საქართველოს და უკრაინის ძმობას ვერასდროს შეარყევს რუსული ჰიბრიდული ომის მწარმოებელი ოლიგარქ ივანიშვილის რუსული მარიონეტული რეჟიმი, რომელსაც ქვეყნის გეგმაზომიერი ნგრევის, შუღლის, დაპირისპირების თესვისა და ცრუ დაპირებების გარდა არაფრის შეთავაზება არ შეუძლია საქართველოს მოსახლეობისათვის, რომელსაც უკვე მერამდენედ უწევს სწორი არჩევანის გაკეთება რუსულ სამყაროსა და იმ დასავლური განვითარების მოდელს შორის, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ რეფორმების სახით შეირგო, გამოსცადა და საქართველოს სახელმწიფოებრიობას დაუკავშირა. სწორ არჩევანს დაცვა სჭირდება.

მოგეხსენებათ, წლებია, რაც ჩემს თანამებრძოლებთან ერთად პოლიტიკურად ვიდევნები 2012-ის რუსული ჰიბრიდული კონტრ-რევოლუციის შედეგად ხელისუფლების სათავეში მოსული პუტინის ოლიგარქის ხელისუფლების მიერ ერთადერთი მოტივით: პოლიტიკური სარჩულით შეკერილი ბრალდებებით გავენეიტრალებინეთ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანები, რაც გარდა იმისა, რომ ემსახურებოდა „ვარდების რევოლუციის“ შედეგად განხორციელებული სასიცოცხლო რეფორმების დისკრედიტაციასა და სასიკეთო კვალის წაშლას, მთავარ მიზნად ისახავდა სახელმწიფო ინსტიტუციების გეგმაზომიერ ჩამოშლას – რაც სახეზეა.

რუსული საოკუპაციო რეჟიმის პირობებში ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელიც ჯერჯერობით გამართულად ფუნქციონირებს არის სახალხო დამცველი, რომელიც სახელმწიფოს მესამე ვადით მიმტაცებელმა პუტინის ოლიგარქმა ივანიშვილმა ვერ დაიმორჩილა. მივმართავ სახალხო დამცველს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე დაიცვათ ჩემი ინტერესები და უსაფრთხოება, რათა რუსულ საოკუპაციო რეჟიმს არ მიეცეს საშუალება პოლიტიკური დევნის პროცესში ჩემს წინააღმდეგ განახორციელოს ფიზიკური და ფსიქოლოგიური სახის ზეწოლები პოლიტიკური მოტივით შეკერილ საქმეებში ჩემგან ცრუ ჩვენებების მოპოვების მიზნით, რისი მოსალოდნელი მცდელობების მიუხედავად, ბოლომდე დავრჩები ჩემი პრინციპებისა და სამშობლოს ერთგული. (მეგის ქარდავას აღნიშნულ განცხადებას პოსტის სახით ვდებ მისი მეუღლე)“ – წერია მეგის ქარდავას წერილში.

You may also like

Leave a Reply