„ძარცვა ქართულად“ – შეიხის ოჯახმა  ნაქურდალი 2 მილიონ 600 ათასი დოლარი და 4 კგ ოქრო დაიბრუნა

ავტორი Black on White - შავით თეთრზე
ძარცვა ქართულად

„როდესაც ქალბატონმა შეიხის სახლში მუშაობა დაიწყო, უკვე კარგად მომზადებული გახლდათ. ეს ქართველების გეგმის ნაწილი იყო. ძარცვაში სულ 4 ადამიანი მონაწილეობდა. ორმა მათგანმა დაგეგმა, ორმა კი – განახორციელა“ – ამის შესახებ დაჰუკის პოლიციის უფროსმა, გენერალმა აჰმედ ფახრი მაჯიდმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ქალბატონმა ოჯახის წევრების სახლში არყოფნით ისარგებლა და თანამზრახველებს გეგმის განხორციელებისთვის ხელსაყრელი დროის შესახებ აცნობა.

ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით, მძარცველები ერაყის ქურთისტანში 31 აგვისტოს ჩავიდნენ, ქართველმა ქალბატონმა კი  შეიხის სახლში დამხმარედ მუშაობა 5 თვით ადრე დაიწყო. თანამზრახველები გეგმის განხორციელებას მაშინ შეუდგნენ, როდესაც ოჯახის არცერთი წევრი სახლში არ იმყოფებოდა.  შეთანხმების თანახმად, დამხმარე ქალბატონმა მძარველებისთვის ფანჯარა ღია დატოვა და სახლის გასაღებიც გადასცა. შედეგად, სახლიდან 2 მილიონ 600 ათასი დოლარი და 4 კილოგრამი ოქროს გატანა მოხერხდა.

„როდესაც სახლში დავბრუნდით, დედამ შესასვლელი კარის წინ სამაჯური აღმოაჩინა. იფიქრა, რომ თვითონ დაუვარდა. თუმცა, მოგვიანებით,  სახლში შემოსვლისას, საყურეც იპოვა. ძარცვის შესახებ ეჭვიც მაშინ გაგვიჩნდა.“ –  განაცხადა ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა, ამედ ქორდომ.

სამართალდამცველების თქმით, დაჰუკის პოლიცია დამნაშავეებს 24 საათიან რეჟიმში სამი დღის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდა. მძარცველებმა საზღვრის გადაკვეთა მოასწრეს, თუმცა ნაძარცვის ქვეყნიდან გატანა ვეღარ მოახერხეს. ნაქურდალი თანხა და ოქრო სათვალთვალო კამერების დახმარებით აღმოაჩინეს და შეიხის ოჯახს დაუბრუნეს. არსებული ინფორმაციით, დამხმარე ქალბატონი, რომელმაც თან მხოლოდ 20 ათასი აშშ დოლარის წაიღო,  ამ ეტაპზე თურქეთში იმყოფება. თანამზრახველების ადგილსამყოფელი კი ჯერჯერობით დაუდგენელია.

წყარო

You may also like

Leave a Reply