11 სექტემბრის ტრაგედიიდან 20 წელი გავიდა 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

20 წლის წინ, 2001 წლის 11 სექტემბერს, მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური ტერორისტული თავდასხმა მოხდა. ალ-ქაიდას თვითმკვლელმა ტერორისტებმა აშშ-ში 4 სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცეს და სხვდასხვა ობიექტს კოორდინირებულად დაესხნენ თავს.

მგზავრებით სავსე გატაცებული თვითმფრინავები ტერორისტებმა ბომბებად გამოიყენეს. 4-დან ორი თვითმფრინავი ნიუ-იურკში მდებარე მსოფლიოს უდიდესს სავაჭრო ცენტრის ორ ცათამბრჯელს – ე.წ. ტყუპებს შეაჯახეს.

სამშაბათს დილით, ნიუ-იორკის დროით 08:45 საათზე  გატაცებული სამგზავრო თვითმფრინავი “ბოინგ 757”  სავაჭრო ცენტრის სამხრეთის კოშკს დააჯახეს. შედეგად 417 მეტრიანი შენობის ზედა ნაწილი ალში გაეხვა. თვითმფრინავში 5 თვითმკვლელი ტერორისტი იმყოფებოდა, მათ შორის  ორგანიზატორი მოჰამედ ატა. მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრთა რაოდენობა 94 იყო. თავდაპირველად, მომხდარი უბედური შემთხვევა ეგონათ, ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში ვიზიტი არ შეუწყვეტავს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშსაც, თუმცა ზუსტად 18 წუთში უკვე ჩრდილოეთის კოშკს მეორე თვითმფრინავიც შეეჯახა. მასში 5 ტერორისტის გარდა 53 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იყო. ამის შემდეგ, ბავშვების გარემოცვაში მყოფ ჯორჯ ბუშს თავისი ადმინისტრაციის თანამშრომელმა უჩურჩულა: “ბატონო პრეზიდენტო, ამერიკას თავს დაესხნენ”.

თავდასხმამ ნიუ-იორკიდან ვაშინგტონში გადაინაცვლა. ტყუპებისთვის თვითმფრინავის შეჯახებიდან დაახლოებით ერთ საათში, ადგილობრივი დროით 09:43 საათზე მესამე გატაცებული თვითმფრინავი ტერორისტებმა ამერიკის თავდაცვის შენობას – “პენტაგონს” შეაჯახეს. ამ თვითმფრინავშიც 5 ტერორისტი იჯდა, ხოლო მგზავრთა და ეკიპაჟის წევრთა რაოდენობა 63 იყო. პენტაგონზე თავდასხმას თვითმფრინავის მგზავრებთან ერთად, შენობაში მყოფი 125 ადამიანის სიცოცხლეც ემსხვერპლა.

რაც შეეხება მეოთხე თვითმფრინავს, ის პენსილვანიის შტატში, სომერსეტ-ქაუნთის ველზე ჩამოვარდა. ეს იყო ნიუ-იორკი – სან-ფრანცისკოს რეისის თვითმფრინავი, რომელშიც 38 მგზავრი იმყოფებოდა. არსებობს მოსაზრება, რომ ტერორისტები მეოთხე თვითმფრინავის “თეთრი სახლისთვის” შეჯახებას გეგმავდნენ, თუმცა მგზავრთა წინააღმდეგობის გამო ვერ შეძლეს.

110 სართულიანი “ტყუპების” შენობა ტერაქტიდან 2 საათის განმავლობაში სრულად ჩამოინგრა. ნანგრევებად ქცეულმა ცათამბრჯენებმა მიმდებარედ მდგარი ორი შენობაც მოაყოლეს, ხოლო რამდენიმე დააზიანეს.

2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტულ თავდასხმას ჯამში 3 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თავდასხმა ტერორისტულ ორგანიზაცია ალ-ქაიდამ განახორციელა, რომლის დამფუძნებელიც ოსამა ბინ ლადენი იყო. ის იმჟამად თავს თალიბანს აფარებდა (2001 წელს ავღანეთს თალიბანი მართავდა). თალიბანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მომხდართან ოსამა ბინ ლადენის კავშირი კატეგორიულად უარყო. თუმცა, 2004 წელს, ბინ- ლადენმა საბოლოოდ აღიარა, რომ 11 სექტემბრის ტერაქტზე პასუხისმგებელი იყო. აშშ-მ მასზე ინფორმაციის სანაცვლოდ ჯილდოდ 25 მილიონი დოლარი დააწესა. 2001 წლიდან მოყოლებული სწორედ ბინ ლადენი იყო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამიზნე. ათი წლის შემდეგ კი, 2011 წლის 2 მაისს,  ამერიკის სპეციალური დანიშნულების რაზმმა და CIA-მ (ამერიკის ცენტრალური დაზვერვის სააგენტო) პრეზიდენტ ბარაკ ობამას ბრძანებით პაკისტანში, თავის რეზიდენციაში მყოფი ბინ ლადენი მოკლეს.

You may also like

Leave a Reply