პროკურატურამ არასრულწლოვნის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის და მუქარის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის და მუქარის ფაქტზე, მ.ნ.-ს ბრალდება წარუდგინა. – ამის შესახებ ინფორმაციას თავად პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბათუმში, 10 სექტემბერს არასრულწლოვანმა მთვითმკვლელობა სცადა, რისი მოტივიც, მის მიმართ ბრალდებულის მიერ განხორციელებული პატივისა და ღირსების შემლახავი ქმედება და მუქარა გახდა.

“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ნ. 2021 წლის ივნისიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, სისტემატურად ლახავდა არასრულწლოვნის პატივსა და ღირსებას. მეგობრების, ოჯახის წევრების და უცხო ადამიანების თანდასწრებით ამცირებდა და ოჯახის წევრების დაკავებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ასევე, მ.ნ. არასრულწლოვან დაზარალებულს, სიცოცხლის მოსპობით და სახლის გადაწვით დაემუქრა.

მ.ნ.-ს მიერ განხორციელებული ქმედებების გამო, არასრულწლოვანმა, 10 სექტემბერს თვითმკვლელობა სცადა.

სამართალდამცველებმა მ.ნ. 10 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა) და 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (მუქარა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება” – ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

You may also like

Leave a Reply