“ბიძინა ივანიშვილს ყოველთვის ძალიან აღიზიანებდა ქართული ეკლესია, ყოველთვის იყო პატრიარქის პირადი მტერი” – სააკაშვილი 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

„მოსმენებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება საქართველოს ეკლესიას, ამ ყველაფერს ერთი პასუხისმგებელი, ერთი დამმავალებელი და ერთი გამკეთებელი ჰყავს –  ეს არის ივანიშვილი” – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელითაც გუშინ სავარაუდოდ, სუს-იდან გაჟონილ საიდუმლო ფაილებს გამოეხმაურა.

სააკაშვილის თქმით, ეკლესიის დისკრედიტაცია სწორედ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო – აღიძრა სისხლის სამართლის საქმეები, იყო პროვოკაციები, გავრცელდა ჭორები და გროვდება კომპრომატები.

“ივანიშვილის ამოცანა არის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის განადგურება, მან პრაქტიკულად გაანადგურა პარლამენტი ქუთაისში და გადმოიტანა იქიდან, მთლიანად მოსპო ადგილობრივი თვითმმართველობა, ის შეეცადა ქართული მედიის განადგურებას, ჯერჯერობით, არ გამოუვიდა. მას ყოველთვის ძალიან აღიზიანებდა ქართული ეკლესია, ყოველთვის იყო პატრიარქის პირადი მტერი, მე ამის მოწმე ვარ არაერთხელ. ზუსტად ვიცი, რაზე ვსაუბრობ. აქედან წამოვიდა უამრავი პროვოკაცია, სიბინძურე, ჭორების გავრცელება, სისხლის სამართლის საქმეები, ახლა კომპრომატის შეგროვება პირად ცხოვრებაზე და ათასგვარი უბედურება”  განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებითვე, მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, არასდროს მომხდარა პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილების გაჟონვა, რადგან მისი თქმით, ჭორია, თითქოს მსგავსი მასალები გროვდებოდა, ხოლო თუკი ვინმე თვითნებურად აკეთებდა, გაგების შემთხვევაში დასჯიდა.

“იმ ხალხს, ვინც ამბობს, „ივანიშვილი იმას აკეთებს, რასაც წინა ხელისუფლება აკეთებდა, ან რომ ამბობენ, ისინი იმიტომ გავაგდეთ, რომ ამას აკეთებდნენ და ამათაც იგივე უნდა გააკეთონ?!“ მინდა შეგახსენოთ, თუ სკლეროზი არ გაწუხებთ, ერთი შემთხვევა მაინც ვინმეს ახსოვს, როდესაც ჩემს დროს გამოსულიყო ვინმეს პირადი ცხოვრების შემცველი მასალები, თუ ვიღაც ცალკე ნაძირალა რამეს აკეთებდა, მე ნამდვილად არ ვიცი. რამე რომ გამეგო, ნამდვილად ძალიან დავსჯიდი. ვინმეს გაუგია მასობრივად ამის შეგროვება ხდებოდა? ეს იყო ჭორი და ახლა ეს არის რეალობა. ივანიშვილს სურს, მთელი ქვეყანა აქციოს ჭაობად და უბედურებად, რომ ქვეყანაში ყველა და ყველაფერი იყოს დისკრედიტირებული, რომ ქვეყნიდან ხალხი გარბოდეს და ყველაფერი ამას დარჩეს”

მიხელ სააკაშვილი გადარჩენის ერთადერთ გზად ერისა და ბერის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაერთიანებაში ხედავს. ის მოუწოდებს საზოგადოებას გადაარჩინონ ეკლესია და ქართული ტრადიციული ფასეულობები.

ერთადერთი გზა არის, ერიც და ბერიც დადგეს ერთად, გადადოს გვერდზე ყველა განსხვავება, ყველა პირადი პრობლემა, შუღლი და დაპირისპირება. ერთად შეცვალოს სიტუაცია და გადაარჩინოს საქართველო, ქართული ტრადიციული ფასეულობები, გადაარჩინოს ჩვენი ეკლესია, გადაარჩინოს ჩვენი ბავშვების მომავალი. წამზომი ჩართულია, ჩვენ ვართ გადარჩენის რეჟიმში და ამ გადარჩენაში ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა“,- განაცხადა სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

გუშინ, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა სავარაუდოდ, სუს-ის საიდუმლო მასალები, რომელთა ავთენტურობის დამტკიცების შემთხვევაში, გამოდის, რომ სუს-ის უსმენდა და უთვალთვალებდა სასულიერო პირებს, მათ შორის მეუფეებსა და პატრიარქის მოსაყდრეს, ასევე პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს, პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს.

You may also like

Leave a Reply