“ბოლო ქართული კლასი აფხაზეთში… ჩვენ ვართ ხალხი, რომლებსაც ართმევდნენ მამულს, ენას, სარწმუნოებას! თუმცა, ვერ წაგვართვეს ქართველობა და ამას ვერც მომავალში შეძლებენ!” – მოსწავლე აფხაზეთიდან 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

“მოხარული ვიქნები, თუ ჩემს „დასჯას“ პატრიოტული სულისკვეთების გამო გადაწყვეტენ!” – წერია აფხაზეთში მცხოვრები მოსწავლის წერილში, რომელიც ორგანიზაციამ “ჩვენ ვარსებობთ – ხმა აფხაზეთიდან” გაავრცელა.

ამავე ორგანიზაციამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა გალის რაიონის სკოლებში ქართულად სწავლა სრულად აკრძალა. სწორედ აღნიშნულ ფაქტს ეხმაურება მოსწავლის წერილიც:

“რაღაცნაირი, ამოუცნობი ემოციებით ვივსებოდი, როცა ვამბობდი, ბოლო ქართული კლასი ვართ – მეთქი. ნეგატიური და თან რაღაც დოზით პოზიტიური ემოციებით. პოზიტიური იმიტომ, რომ ჩვენს ენაზე ვახერხებდით სკოლის დასრულებას.

როცა „კომისია“ მოდიოდა შესამოწმებლად და გვესწრებოდა აფხაზეთის ისტორიის გაკვეთილზე, ვამბობდით იმას, რაც მათ ესიამოვნებოდათ. ვამბობდით, რომ ქართველებმა დაიწყეს ომი აფხაზეთთან, ვამბობდით, რომ საქართველო იყო ყველაფერში დამნაშავე, ვამბობდით, რომ აფხაზეთი არასდროს ყოფილა საქართველო და არც არასდროს იქნება.

ვამბობდით არა იმიტომ, რომ ჩვენ ვფიქრობდით ასე, არა იმიტომ, რომ ჩვენ გვჯეროდა ამის, არამედ იმიტომ, რომ გაღიზიანება არ გამოგვეწვია მათში, რამე საბაბი არ მიგვეცა, ისევ ჩვენ არ დავზარალებულიყავით ამით.

…ახლა კი, როცა ქართულად უნდა დაგვემთავრებინა სკოლა და თითქოს ეს არც უნდა ყოფილიყო განხილვის თემა, „გვახარეს“, რომ ჩვენც სრულიად რუსულ სწავლებაზე გადაგვიყვანეს.

თუმცა, ეს არაფერია, ამით ვერ გაგვაოცებენ. ჩვენ ვართ ხალხი, რომლებსაც ართმევდნენ მამულს, ენას, სარწმუნოებას! თუმცა, ვერ წაგვართვეს ქართველობა და ამას ვერც მომავალში შეძლებენ!

უნდა გვეშინოდეს?! მე აღარ მინდა რომ მეშინოდეს, რა აზრი აქვს?! რა უნდა მიქნან?! პირიქით, მოხარული ვიქნები, თუ ჩემს „დასჯას“ პატრიოტული სულისკვეთების გამო გადაწყვეტენ!”

წყარო: “ჩვენ ვარსებობთ – ხმა აფხაზეთიდან”

You may also like

Leave a Reply