ჯავახიშვილის N14-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია დასრულდა 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

ისტორიული შენობის, ივანე ჯავახიშვილის ქუჩის  N14-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტი თბილისის მერიამ განახორციელა.

მეოცე საუკუნის დასაწყისში აშენებული შენობის რებილიტაციის დასრულების შესახებ დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ძველი თბილისი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ჩვენთვის განსაკუთრებულია. მათი მდგომარეობა არაა სახარბიელო, სხვადასხვა კატეგორიის ავარიულობა აქვს მინიჭებული. ჩვენ მათ ვაახლებთ და უკვე განვახორციელეთ კარგი პროექტები – დარეჯანის სასახლე, ორბელიანის მოედანი და მიმდებარე ქუჩები. მიმდინარეობს გუდიაშვილის მოედნის და მიმდებარე ქუჩების სრული რეაბილიტაცია. მსგავსი პროექტები მომავალშიც გაგრძელდება. ამჯერად, ჯავახიშვილის N14-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სრული რეაბილიტაცია დავასრულეთ. შენობა მეოცე საუკუნის დასაწყისშია აშენებული და საფუძვლიანი რეაბილიტაცია დასჭირდა“ – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, პროექტის ფარგლებში გამაგრდა შენობის საძირკველი და დაზიანებული ღიობები; სპეციალური მეთოდით შეივსო შენობის ბზარები; შეიცვალა შენობის სახურავის შეფიცვრა და თუნუქის საფარი; მოეწყო სახურავის წყალსაწრეტი სისტემა; აღდგა ფასადის დეკორატიული ელემენტები; რესტავრირდა ლითონის კიბე, ასევე ხის აივნები, კიბეები და შუშაბანდები; რესტავრირდა ფასადზე განთავსებული დეკორატიული აივნები; ლითონის დეკორატიულ ნაჭედ გისოსებსა და მოაჯირებს ჩაუტარდა რესტავრაცია-აღდგენა; რესტავრირდა ლითონის ჭიშკარი; გამოიცვალა და ნაწილობრივ რესტავრირდა კარ-ფანჯარა; დამონტაჟდა ლითონის ჭედური ცხაურები; მოწესრიგდა წყალმომარაგების, წყალარინებისა და ელექტრომომარაგების როგორც შიდა, ისე გარე ქსელი და კეთილმოეწყო ეზო.

ამასთან, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე აღნიშნული ისტორიული ძეგლის ამსახველი, რეაბილიტაციამდელი და რეაბილიტაციის შემდგომი ფოტომასალა წარმოადგინა.

„მესმის, რომ ქალაქში ბევრი ძეგლია, რომელიც ცუდ მდგომარეობაშია. ყველგან მივალთ, ყველას განვაახლებთ. მაქსიმალურად ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ძეგლი რესტავრირდეს და ასევე, მთლიანად უბნების რეაბილიტაცია მოხდეს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

You may also like

Leave a Reply