პოლიციამ თბილისში ინტერნეტით ნარკოტიკების გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

პოლიციამ თბილისში ინტერნეტით ნარკოტიკების გასაღების ფაქტი აღკვეთა – დაკავებულია 1 პირი – ამოღებულია ნარკოტიკი „ალფა პვპ“ – აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება გასაღების მიზნით რამდენიმე ადგილას განათავსა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქე – 1988 წელს დაბადებული რ.ვ. ნარკოტიკული დანაშაულისთვის დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ჩართული იყო ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის სქემაში. კერძოდ, მან უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“-ის შემცველი ნარკოტიკი, შემდგომი გასაღების მიზნით, ნაძალადევის რაიონში, სხვადასხვა ადგილზე განათავსა და მათი ადგილმდებარეობის ფოტოგადაღება განახორციელა.

სამართალდამცველებმა თბილისში, ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტისას, რ.ვ.-ის მიერ სარეალიზაციოდ გამზადებული, „ალფა პვპ“- ს შემცველი ნახევარ კილოზე მეტი ნარკოტიკული ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს” –  წერია შსს-ს განცხადებაში.

You may also like

Leave a Reply