დმანისში ცივი იარაღით ოპოზიციონერი აქტივისტები დაჭრეს

ავტორი Black on White - შავით თეთრზე
ინციდენტი დმანისში

დაპირისპირება დმანისში –  სოფელ განთიადში დანით ორი ოპოზიციონერი აქტივისტი დაჭრეს. მედიის ინფორმაციით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც დმანისის მოქმედი მერი და ამავდროულად, თვითმმართველობის არჩევნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი  გიორგი ტატუაშვილი და მისი თანაპარტიელი, პარლამენტის დეპუტატი კახა ოქრიაშვილი მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრას ატარებდნენ. მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე უცნობი პირები მივიდნენ და კონფლიქტის პროვოცირება მოახდინეს.

ოპოზიცია მომხდარში “ქართულ ოცნებას” ადანაშაულებს და ფაქტს ანგარიშსწორებას უწოდებს. ამ ფაქტს უარყოფენ „ქართული ოცნების“ დმანისის შტაბში. მათი თქმით, არანაირი პროვოკაცია პარტიის აქტივისტების მხრიდან არ მომხდარა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის თქმით,  ვინც არ უნდა იყოს დამნაშავე, ის აუცილებლად დაისჯება.

„არ მინდა, ვიჩქარო და მოვლენებს გავასწრო, მაგრამ ვიცი, რომ დმანისში იყო გარკვეული გამომწვევი მოქმედებები, შტაბთან მივიდნენ ოპოზიციონერი კანდიდატები, შემდეგ კონფლიქტი გაჩნდა. დეტალური ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ შსს ინფორმირებულია ამ ინციდენტის შესახებ და რეაგირება აუცილებლად იქნება. ვინც არ უნდა იყოს დამნაშავე და როგორიც არ უნდა იყოს მისი წვლილი ამ კონფლიქტის გაჩენაში, ის პასუხს აგებს კანონის შესაბამისად. ასეთია ჩემი  და ჩვენი პარტიის დამოკიდებულება“, – განაცხადა სარჯველაძემ.

You may also like

Leave a Reply