„როდესაც ყოველდღიურად ათასობით ადამიანი ავადდება და ათეულობით იღუპება, ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერის სხვა ბანერით ჩანაცვლებას საკმაოდ ნეგატიური შედეგი ექნება“ – NCDC

ავტორი Black on White - შავით თეთრზე

„ბანერების შეცვლის თაობაზე ინფორმაციის წინასწარ ქონის შემთხვევაში ეროვნული ცენტრი ყველა შესაძლო შემთხვევას გამოიყენებდა, რათა უპირობოდ გაგრძელებულიყო ბანერების განთავსების ყველა საჭირო ღონისძიება და მომხდარიყო ვაქცინაციის პოპულარიზაცია მოსახლეობის სიცოცხლის გადასარჩენად“-  ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, სარეკლამო კომპანია „ალმამ“ ხელშეკრულების პირობები დაარღვია და აღნიშნული ბანერები ცენტრთან შეუთანხმებლად ჩაანაცვლა.

„Covid-19-ის პანდემიის პირობებში, როდესაც ყოველდღიურად ათასობით ადამიანი ავადდება და ათეულობით იღუპება და ამავდროულად, როდესაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში, ვაქცინაციის პროცესს კლებადი ტენდენცია აქვს, ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერის ნებისმიერი სხვა შინაარსის ბანერით ჩანაცვლებას საკმაოდ ნეგატიური შედეგი ექნება.“- აღნიშნა გამყრელიძემ.

NCDC-ის ხელმძღვანელმა „ალმას“ გარე ბილბორდებზე დაუყოვნებლივ აღდგენისკენ მოუწოდა და ამ შინაარსის ოფიციალური წერილიც გაუგზავნა. მისივე თქმით, ამ რთულ პერიოდში სწორედ იმუნიზაციაა პანდემიის დასრულების მთავარი გზა.

„დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი გაითავისებენ იმ დიდ სოციალურ პასუხისმგებლობას, რაც დღეს თითოეულ კომპანიას და ადამიანს აქვს“- აღნიშნა გამყრელიძემ.

 

You may also like

Leave a Reply