არა და არასდროს! – სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე

ავტორი Black on White - შავით თეთრზე

დღეს ბევრი კითხულობს, აპირებს თუ არა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას. პასუხი არის ერთი, მარტივი და საბოლოო – არა და არასდროს! – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა და სამართალდამცველებს ექსპრეზიდენტის დაკავების ოპერაციის წარმატებით ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, პირველ რიგში, მადლობა მოვახსენო სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებმაც ჩაატარეს დღევანდელი ოპერაცია მაღალ პროფესიონალურ დონეზე და მშვიდობიანად. სახელმწიფო და მისი ინსტიტუტები არ ჩამოიშალა და პირიქით, გაძლიერდა. დაცულია საზღვარიც, ტერიტორიაც, წესრიგიც და კანონის უზენაესობაც. ქვეყნის პრეზიდენტისთვის მართალია სასიამოვნო არაა, როცა ყოფილ პრეზიდენტს კამერების წინაშე აპატიმრებენ, თუმცა, სამართალი და კანონის უზენაესობა ამას მოითხოვს და კანონის წინაშე ყველა ერთია. ბევრი კითხულობს დღეს პრეზიდენტი აპირებს თუ არა მის შეწყალებას, პასუხი არის ერთი, მარტივი და საბოლოო – არა და არასდროს. იმიტომ, რომ ირინა ენუქიძის თვალები არასდროს დამავიწყდება, არც ყველა იმ ადამიანის, ვინც სამართალს ელოდებოდა და ამ დღეს ვერ მოესწრო. იმიტომ, რომ ერთგული ვარ იმ სულისკვეთების, რომელიც მამოძრავებდა, როცა ვიდექი ამ პიჯაკით და შიშველი ხელებით ვებრძოდით რეჟიმს, რომელიც ფეხქვეშ თელავდა ადამიანის უფლებებს, თავისუფალ ბიზნესს და კანონს. ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე თავის ძალაუფლების შენარჩუნებას შესწირა. იმიტომ, რომ მან ქვეყნის პრეზიდენტისთვის მიუღებელი გადაწყვეტილება მიიღო, როცა მოქალაქეობა დატოვა და დღეს, როცა სახელმწიფო საზღვრის დარღვევით და კანონის დარღვევით შემოიჭრა ტერიტორიაზე და ამით სახელმწიფო სამართალდამცავი სტრუქტურების ავტორიტეტის შელახვა სცადა. და რაც მთავარია, იმიტომ რომ აშკარად შემოვიდა, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია დაეთესა. ყველა საერთაშორისო რჩევებისა და გაფრთხილებების მიუხედავად, რაც მას ბოლო პერიოდში ჰქონდა“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

You may also like

Leave a Reply