“სააკაშვილი შიმშილობას აცხადებს და როგორც უკრაინის მოქალაქე, უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს” – მიხეილ სააკაშვილი

ავტორი Black on White - შავით თეთრზე

„მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ დააკავეს დღეს, თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში.  იმყოფებოდა მარტო. არ გაუწევია წინააღმდეგობა, შესაბამისად, დაკავების დროს და შემდგომ ძალა გამოყენებული არ ყოფილა.“- ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ   განაცხადა მას შემდეგ, რაც რუსთავის ციხეში ექსპრეზიდენტი მოინახულა.

„როდესაც შევედი, ის იმყოფებოდა ექიმებთან, გადიოდა სამედიცინო შემოწმებას, შემდეგ მოგვეცა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით საკანში. მაინტერესებდა, როგორი იყო დაკავების გარემოებები, ხომ არ იყო არასათანადო მოპყრობა ან ძალის გადამეტების ფაქტი, ხომ არ ჰქონდა სხეულზე დაზიანებები. სააკაშვილი აღნიშნავს, რომ მოპყრობა იყო დამაკმაყოფილებელი. ასევე ჯანმრთელობის მიმართულებითაც განსაკუთრებული საჭიროებები არ აქვს. აცხადებს შიმშილობას და როგორც უკრაინის მოქალაქე, ითხოვს უკრაინის კონსულთან შეხვედრას. ის თავს მიიჩნევს პოლიტიკურ პატიმრად.

რაც შეეხება საქართველოში შემოსვლის ფაქტს, როგორ შემოვიდა, რა გზებით და ა.შ. ამაზე არ სურს საუბარი და ჩვენც არ შევეხეთ სიღრმისეულად ამ საკითხს.“- აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი დღეს დააკავეს. მისი საქართველოში ვიზიტის შესახებ მისივე ვიდეოდან გახდა ცნობილი. თავდაპირველად ფაქტს კატეგორიულად უარყოფდა მმართველი პარტია, თუმცა მოგვიანებით საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას აუხსნა, რომ ხელისუფლებამ ექსპრეზიდენტის ყოველი ნაბიჯის შესახებ იცოდა, აკვირდებოდა და დაკავებაც, შესაბამისად, წარმატებით განხორციელდა.

 

 

You may also like

Leave a Reply