„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” : არჩევნები ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს – ჩვენ მიერ დაფიქსირდა 100-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, 14 საათისთვის არსებულ დაკვირვების მონაცემებს აქვეყნებს. არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, დაფიქსირდა 100-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა და მათი დამკვირვებლების მხრიდან დაიწერა 14 საჩივარი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დაკვირვებით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნები ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. იმ უბნების აბსოლუტური უმრავლესობა, სადაც ჩვენი სტატიკური დამკვირვებლები არიან წარმოდგენილნი, დროულად გაიხსნა.

ჩვენ მიერ დაფიქსირდა 100-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა. ჩვენმა დამკვირვებლებმა დაწერეს 14 საჩივარი. მნიშვნელოვანი დარღვევებიდან აღსანიშნავია შემდეგი ფაქტები:

სავარაუდო „კარუსელი”

#22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #13 უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სტუდენტური პროფესიული კავშირის“ დამკვირვებელმა ტოფიგ აკბეროვმა ამ უბანზე ორჯერ მისცა ხმა, მესამე მცდელობისას კი მას კომისიის წევრებმა აღარ მისცეს ამის საშუალება. აღსანიშნავია, რომ ეს ადამიანი საერთოდ არ არის ამ უბნის ამომრჩეველი, ამომრჩეველთა ერთიან სიაში იგი მარნეულის საარჩევნო ოლქის სხვა –  #10 უბანშია რეგისტრირებული. ჩვენი დამკვირვებლის თქმით, იმავე უბანზე, აკბეროვის გარდა, ბახლელ გუსეინოვმა და კიდევ რამდენიმე პირმა ერთზე მეტჯერ მისცა ხმა.

სავარაუდო ამომრჩევლის მოსყიდვა

#28 დუშეთის #1 უბნის მიმდებარედ ჩვენმა დამკვირვებელმა დააფიქსირა ერთი პირი, რომელმაც სამ ადამიანს ფული და ამომრჩევლის ბარათები გადასცა.

დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლა და ზეწოლა

#22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #13 უბანზე ჩვენს დამკვირვებელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამავე უბანზე კენჭისყრის შენობაში და მის მიმდებარედ 50-მდე ადამიანი არის მობილიზებული და ფეთქებადსაშიში მდგომარეობა იქმნება.

#17 თელავის საარჩევნო ოლქის #6 უბანზე კომისიის წევრები ჩვენს დამკვირვებელს ხელს უშლიდნენ ვიდეოგადაღებაში, ასევე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ იბარებდნენ საჩივარს.

კენჭისყრის ფარულობის დარღვევა

#70 ფოთის საარჩევნო ოლქის #33 უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია „მწვანე დედამიწის” დამკვირვებელი კენჭისყრის კაბინაში შეყვა ამომრჩეველს, რაზეც კომისიის თავმჯდომარეს რეაგირება არ ჰქონია;

#24 დმანისის საარჩევნო ოლქის #43 უბანზე ერთ-ერთმა ამომრჩეველმა რეგისტრატორის მაგიდასთან შემოხაზა სასურველი კანდიდატი ბიულეტენზე, რაზეც არ მიუთითეს კომისიის წევრებმა, ასევე, ამავე უბანზე ერთ-ერთი კომისიის წევრი ამომრჩეველს კარნახობდა, ვისთვის მიეცა ხმა.

#17 თელავის საარჩევნო ოლქის #6 უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის” დამკვირვებელი კენჭისყრის კაბინაში მიყვებოდა ამომრჩეველს, ამ შემთხვევის კამერით დაფიქსირება სცადა ჩვენმა დამკვირვებელმა, რისი საშუალებაც კომისიის წევრებმა არ მისცეს და დაემუქრნენ გაძევებით. ამ ორგანიზაციის დამკვირვებელმა, მას შემდეგ რაც კაბინაში ვერ შეჰყვა ამომრჩეველს, ამომრჩეველს კაბინაში საკუთარი ტელეფონი მიაწოდა.

კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის რადიუსის დარღვევა

ბევრი საარჩევნო უბნის გარეთ, მათ შორის კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე კვლავ შეინიშნება პარტიული კოორდინატორების თავშეყრა, რაც საარჩევნო კოდექსში შესული ახალი ცვლილებებით, სამართალდარღვევას წარმოადგენს. ასეთი შემთხვევებისას ჩვენი დამკვირვებლები რეკავდნენ საპატრულო პოლიციაში, რის შემდეგადაც, როგორც წესი, პრობლემა გვარდებოდა.

სადამკვირვებლო მისიის შესახებ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებს 300-მდე დამკვირვებლით უწევს მონიტორინგს. ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 200 საარჩევნო უბანზე არიან გადანაწილებული. გარდა ამისა, საარჩევნო პროცესებს 40 მობილური ჯგუფიც ადევნებს თვალს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მედიაცენტრში მეორე პრესკონფერენციას დღეს 19:30-ზე გამართავს, რომლებზეც წარმოდგენილი იქნება არჩევნების დღის დაკვირვების შუალედური შედეგები. 3 ოქტომბერს, 11:00-ზე წარმოდგენილი იქნება საბოლოო შეფასება. საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლოა, გაკეთდეს დამატებითი განცხადებებიც.

გარდა ამისა, ჩვენს ვებგვერდზე მუშაობს განახლებადი ბლოგი ქართულ და ინგლისურ ენებზე. ყველა მასალა, ასევე, თავსდება ორგანიზაციის Facebook-ისა და Twitter-ის გვერდებზე.

არჩევნების დღეს დარღვევების შესახებ ინფორმაციის მოსაწოდებლად დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე: 2 92 14 03. – წერია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ გავცელებულ განცხადებაში.

You may also like

Leave a Reply