ელგუჯა ცომაიას, რომლის ბინაშიც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, პატიმრობა შეეფარდა

ავტორი Black on White - შავით თეთრზე

ელგუჯა ცომაიას, რომლის ბინაშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

“ბრალდების მხარემ დასაბუთებულად წარადგინა შუამდგომლობა ელგუჯა ცომაიას მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით. ჩვენი მოთხოვნა ემყარებოდა კონკრეტულ არგუმენტებს, რომ არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის, ასევე მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხე. სასამართლომ დასაბუთებულად გაიზიარა ჩვენი პოზიცია და შეუფარდა ბრალდებულს პატიმრობა”, – აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ელგუჯა ცომაია 1 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით (მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, ელგუჯა ცომაიამ იცოდა, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ, „მიუხედავად ამისა, თავისი აქტიური მოქმედებით, 2021 წლის 30 სექტემბერს მას დასამალად და დროებით საცხოვრებლად გადასცა თავის მფლობელობაში არსებული თბილისში მდებარე ბინა“.

ამასთან, პროკურორ ლევან ვეფხვაძის ინფორმაციით, ელგუჯა ცომაიას, შესაძლოა, ბრალი 344-ე მუხლით დაუმძიმდეს, რაც მიგრანტის სახელმწიფო საზღვარზე უკანონო შემოყვანას და სათანადო პირობების შექმნას გულისხმობს.

 

 

 

 

 

 

You may also like

Leave a Reply