დღეში 7-8 ათასი აცრის პირობებში, ვერანაირი შეზღუდვა ვერ აგვაცილებს თავიდან შემდგომ მძიმე ტალღებს – ცერცვაძე 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

“მთელ მსოფლიოში გულის ტკივილით და შურით ვუყურებ იმათ, ვინც მოახერხა 2/3-ზე მეტის ორჯერადად აცრა. ეს ისე ძალიან არ მოქმედებს შემთხვევების შემცირებაზე, როგორც სიკვდილიანობის შემცირებაზე.” – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუკი აცრების რაოდენობა არ გაიზრდება, მომდევნო ტალღები მძიმე იქნება და მათ ვერანაირი შეზღუდვა ვერ აგვაცილებს.

„თუ ჩვენ ასეთი აბსურდის თეატრი გავაგრძელეთ, რომ იმ პირობებში, როდესაც გვაქვს ორი მილიონი ვაქცინა, როდესაც გვაქვს ვაქცინაციის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა, ცენტრები, ავტობუსები, ბინაზე ვაქცინის შეთავაზება და ამ პირობებში მხოლოდ 7-8 ათასი აცრა გვექნება დღეში, ეს იქნება ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგის მომტანი. ვერანაირი შეზღუდვა ვერ აგვაცილებს თავიდან შემდგომ მძიმე ტალღებს, საუბარი არ არის მხოლოდ მეხუთე ტალღაზე.

როგორც ჩანს, კოვიდი კიდევ დიდხანს დარჩება. მთელ მსოფლიოში გულის ტკივილით და შურით ვუყურებ იმათ, ვინც მოახერხა 2/3-ზე მეტის ორჯერადად აცრა. ეს ისე ძალიან არ მოქმედებს შემთხვევების შემცირებაზე, როგორც სიკვდილიანობის შემცირებაზე. ზოგიერთ ქვეყანამ სამჯერადადაც კი აცრა. საქართველოში სიკვდილიანობა შევამცირეთ 30-მდე, რაც ჩვენთვის მაინც ბევრია. ჩვენ, რომ გვქონდეს ვაქცინაციის ის დონე, რაც აქვს ევროპის ყველა ქვეყანას, ამერიკას, აზიის განვითარებულ ქვეყნებს, ჩვენთან სიკვდილიანობა დღეში 5-6-ზე მეტი არ იქნებოდა. ერთ მხრივ თითქოს მოსახლეობა შეწუხებულია იმით, რომ ვერ ხერხდება გარდაცვალების კიდევ უფრო დაბალ რიცხვზე დაყვანა, მეორე მხრივ ჩვენი მოსახლეობა არაფერს აკეთებს, რომ გარდაცვალების შემთხვევები შემცირდეს ხუთჯერ მაინც. სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რომ დღეში 30-40 ათასი ვაქცინა გაკეთდეს“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

You may also like

Leave a Reply