იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად ექიმთა ჯგუფის გამოყოფას ითხოვს, ხოლო უფლებების ნაწილში საპარლამენტო კომიტეტებსა და სახალხო დამცველს ჩართულობას სთხოვს 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

​საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ, რომელიც ახლა პატიმრობაშია, განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, მათი მიზანია “საზოგადოებას ჰქონდეს სრულყოფილი, ამომწურავი და ობიექტური ინფორმაცია მსჯავრდებულ/ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობისა და ჯანმრთელობის შესახებ”.

ამ მიზნით, იუსტიციის სამინისტრო საპარლამენტო კომიტეტებს, სახალხო დამცველსა და ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს მიმართავს.

“მივმართავთ თხოვნით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეს და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეს, რომ საზოგადოებისთვის პროცესის მეტი გამჭვირვალობისთვის განახორციელონ პატიმრის უფლებების დაცვის მონიტორინგი;

მივმართავთ თანამშრომლობის თხოვნით სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას;

მივმართეთ თხოვნით, ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და დეტალური ანალიზის მიზნით გამოიყოს ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი. მედიკოსების ჯგუფის მიზანი იქნება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციების წარმოდგენა” – წერია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

You may also like

Leave a Reply