10 მილიონი ევროს ოდენობის გერმანული გრანტით, დევნილი ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება აშენდა

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

მარნეულში, დევნილი ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება აშენდა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 31 სახლი იმ ოჯახებს გადაეცათ, რომლებიც წლების განმავლობაში ნგრევად შენობაში ცხოვრობდნენ.

ახალი სოფელი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა გახსნეს.

“ინოვაციური პროექტის განხორციელება გერმანიისა და საქართველოს მთავრობების წარმატებული თანამშრომლობის შედეგად გამოყოფილი 10 მილიონი ევროს ოდენობის გრანტის ფარგლებში გახდა შესაძლებელი. მნიშვნელოვანია, რომ ახალი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო ბაღის მშენებლობაც იწყება.

პროექტი დამატებით დევნილი ოჯახების მიწის ნაკვეთებზე 200-ზე მეტი სახლის აშენებას, დევნილთა დასახლებებში 24 მცირე მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას, 8 ახალი საბავშვო ბაღის აშენებასა და 2 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების რეაბილიტაციას ითვალისწინებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით, სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია” – წერია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს, რომელიც დევნილთა განსახლებასთან ერთად, მათ ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო ინტეგრაციასაც ითვალისწინებს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს.

You may also like

Leave a Reply